logo
ENG



გაფლანგული მილიონები და ოცნების ბათუმის მერობის "დაკარგული" კანდიდატი - შაბათის ფორმულა

16 ოქტ 202120:30
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების მერობის კანდიდატს არჩილ ჩიქოვანს ბათუმის ქუჩებში თითქმის არავინ იცნობს. ადგილობრივები შაბათის ფორმულასთან ამბობენ, რომ ტელევიზიით იშვიათად უნახავთ, პირადად კი არასდროს. ერთადერთი, სადაც ყოფილი ვიცე-მერი, არჩილ ჩიქოვანი მოქალაქეებს ყველაზე ხშირად ხვდებათ, ავტობუსის გაჩერებები, სარეკლამო ბანერები და ბილბორდებია.

ოცნების კანდიდატი, პირველ ტურში დამარცხების შემდეგ, ბათუმელებს მძიმე დღეებშიც კი არ უნახავთ. ჩიქოვანმა ამომრჩეველს Facebook-ით განუცხადა, რომ კოვიდით დაავადდა, თუმცა ინფიცირებიდან მეცხრე დღესაც გადამღებმა ჯგუფმა მის კვალს ვერც სახლში და ვერც ოფისში ვეღარ მიაკვლია. 

​არჩილ ჩიქოვანთან შაბათის ფორმულას კითხვები მის მიერ გაფლანგულ მილიონებთან დაკავშირებით ჰქონდა, რომლის გამოც საქმეცაა აღძრული. ამ კითხვებს არც მისივე მეჯვარემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ უპასუხა. რიჟვაძემ ჩიქოვანი ჯერ საკუთარი აპარატის უფროსად წაიყვანა, შემდეგ აჭარის გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ჩააბარეს, ბოლოს კი ქალაქის ვიცე-მერად დანიშნეს.

კითხვა ბევრია, განსაკუთრებით საინტერესო კი 2016-17 წლებში, საგზაო დეპარტამენტში არჩილ ჩიქოვანის საქმიანობაა. სწორედ ამ წლებს ეხება აუდიტის დასკვნა, სადაც 85 მილიონ ლარზე მეტის სამუშაოებია შესწავლილი და რამდენიმე მილიონის არამიზნობრივ ხარჯვაზე პროკურატურას გამოძიება უკვე დაწყებული აქვს. ერთ-ერთი ეპიზოდი ბიძინა ივანიშვილის ხეების გადაზიდვისთვის უკვე დაგებული გზის თავიდან გაკეთებას ეხება, რაზეც 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

შეხვდება თუ არა ტრაგედიის შედეგად დაზარალებულს ოცნების მერობის კანდიდატი, ჯერ უცნობია. ამ დრომდე მან დაღუპულთა ოჯახებს მხოლოდ სოციალური ქსელით მიუსამძიმრა. ქალაქში, მთავრობის კანდიდატისგან, რომელსაც მხოლოდ ფოტოებიდან იცნობენ, არც არაფერს ელოდებიან.  


close დახურვა